თანამშრომლობა მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარემოს მდგომარეობის აღწერა და მოსახლეობის საჭიროებათა კვლევისა და სამი ფოკუს ჯგუფის ორგანიზება ჯამში 45 მონაწილეზე, ორთავე აქტივობა ჩართავს ბენეფიციარებს პროექტის განხორციელებაში. მუნიციპალიტეტში სულ გამოიკითხება 500 რესპოდენტი.

სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება 10-ჯერ. განიხილავს არსებულ მდგომარეობას, პროფილს, შეიმუშავებს SWOT ანალიზს, რომლის ბაზაზე შესაძლებელი გახდება სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება, ამ ხედვის შესასრულებლად საპროექტო მიმართულებების, მიზნებისა და კონკრეტული პროექტების ასახვა.  საბოლოოდ, მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი სტრატეგიული  და განხორციელების გეგმები მზად იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოზე წარსადგენად. გეგმებს წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი. მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სტრატეგია და განხორციელების გეგმა განიხილება საკრებულოს ყველა კომისიასა და ფრაქციაში.  საბოლოოდ, სტრატეგია და გეგმა დამტკიცდება საკრებულოს მიერ, რაც სავალდებულოს გახდის მის შესრულებას.

პროექტის განხორციელების შედეგად, შემუშავებულ და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებულ მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიან სტრატეგიასა და განხორციელების გეგმას ექნება განსაკუთრებული ფუნქცია. კერძოდ, კი, მნიშვნელოვნად  და სამოქმედო გეგმაში გაწერილ ვადებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთი ქალაქის და 15 სხვა ადმინისტრაციული ერთეულის 55 სოფლის მოსახლეობის მდგრად და გარემოს კონსერვაციაზე ორიენტირებულ განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის 31000 მცხოვრების საცხოვრებელ პირობებს.

პროექტს ახორციელებს კავშირი „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანამშრომლობით. განხორციელების ვადაა 6 თვე. პროექტი ფინანსდება კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) პროექტის, „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში“ ფარგლებში. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.