ჯიხეთის დედათა მონასტერი
- გადასვლები: 9
ჯიხეთი, სამება-ჯიხეთის ეკლესია — XIX საუკუნის ეკლესია გურიის მხარეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭყონაგორასა და სამებას შორის, ამჟამად მოქმედებს დედათა მონასტერი.
ჯიხეთი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ, ნიგოითიდან 3 კმ, ავტომაგისტრალიდან 6 კმ.
მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ. 1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილის სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.
ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს - მონასტერში იმართება დღესასწაული - ჯიხეთობა.
ლეგენდა
ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.
ისტორია
სავარაუდოდ ჯიხეთის მთაზე ერთ დროს ციხე იყო აღმართული, რადგან „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი. ელენა იყო მონასტრის წინამძღვარი 1896 წლიდან 1914 წლამდე.
მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. 1914 წლიდან მონასტრის წინამძღვარი იყო ანასტასია.
ლანჩხუთი
- გადასვლები: 27
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიისმხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული. ბრინჯაოს ხანიდან აქ უკვე ქალაქური ცხოვრება იყო განვითარებული, რასაც შუხუთის ნაქალაქარი ადასტურებს. ისტორიულ წყაროებში ლანჩხუთი პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ლანჩხუთის ეტიმოლოგიასთან დაგავშირებით მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. სიმონ ჯანაშიას თეორიის მიხედვით ეს სახელი მეგრულ-ჭანურ სიტყვას, ჩხუ-ს უკავშირდება, რაც ძროხას ნიშნავს, თავად ლანჩხუთს კი - საძროხეს. სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, მისი აზრით ტოპონიმის ძირს წარმოადგენს „ჩქუ“ და არა „ჩხუ“ და ლანჩხუთს სამზერის, გადასახედის მნიშვნელობა აქვს. 1916 წლისთვის რაიონში უკვე ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა და ბიბლიოთეკა. 1930 წელს ლანჩხუთი რაიონული ცენტრი გახდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში არის ჯანდაცვის დაწესებულებები , სამი საჯარო სკოლა, სამრევლო სკოლა, კულტურის ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი. ასევე გამოდის სამი რაიონული გაზეთი: "ლაჩხუთი +", „ლანჩხუთის მოამბე“ და " ჰო და არა". ლანჩხუთში განვითარებულია სოფლის მეურნეობა (მეციტრუსეობა, მეცხოველეობა, მეთხილეობა), ზღვისპირეთში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში დიდი როლი აქვს ბაქო-სუფსის ნავთობსადენსა და სუფსის ტერმინალს. ლანჩხუთი ასევე მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (ტორფი, მაგნეტიტი, კირქვა, თიხნარი, მინერალური წყალი). რაიონი ლამაზი ბუნებითა და უძველესი კულტურის ძეგლებით გამოირჩევა. ულამაზესი კოლხეთის ეროვნულიპარკი, მწვანეში ჩაფლული ჯაპანის ტბა, პალიასტომი, შუასაუკუნოვანი ძეგლები და მოლივლივე ლურჯი ზღვა ქვიშიანი სანაპიროებით უამრავ ტურისტს იზიდავს.
გეოგრაფია და კლიმატი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს, შავ ზღვას, მდინარე ფიჩორსა და გურიის ქედს შორის. იგი ოდიშ-გურიის დაბლობის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სერებს მოიცავს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება, აღმოსავლეთით -


