სანამ ლელოზე დავწერთ, მანამ რუსეთ-ოსმალეთის (1853-1856წ) ე.წ. `ყირიმის ომი“-ს ერთი დეტალი უნდა გავიხსენოთ. 1854 წლის ზაფხულში, ამ ომის ფრონტის ერთი მონაკვეთი საქართველოში მდინარე ჩოლოქზე გადიოდა. ოსმალეთის იმპერიის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ქობულეთის ვილაიეთის ბეგლარბეგი გახლდათ ჰასანბეგ თავდგირიძე. იგი წარმოშობით გურიის მაზრის (ამჟამად ლანჩხუთის რაიონის) სოფელ აკეთის მკვიდრი იყო. პატარაობაში ოჯახი ქობულეთში გადავიდა (სავარაუდოთ სისხლის გამო). პატარა ჰასანმა მუსულმანობა მიიღო. ჯერ ჯამეში, ხოლო შემდეგ ტრაპიზონის მედრესეში ისწავლა. მისმა ხალასმა ნიჭმა და ვაჟკაცურმა ბუნებამ მას ქობულეთის ბეგლარ ბეგობამდე მიაღწევინა.
გადმოცემით ჰასანბეგს კარგი ურთიერთობა ჰქონდა გურულ გლეხობასთან, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, როგორც ოსმალეთის იმპერიის ქვეშემრდომი და ამავდროულად საიმპერიო მოხელე, მან გურულებს რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და თურქეთის მხარეს ბრძოლა შესთავაზა, რაზედაც გურულებისგან მტკიცე უარი მიიღო.
ჰასანბეგ თავდგირიძე თავისი 9000-იანი ჯარით, სადაც გაერთიანებული იყვნენ ძირითადად გამუსულმანებული ქართველები და თურქი ასკერები, გურიას შემოესია. გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი სოფელ შეკვეთილთან, ბრძოლით გადაკვეთა აკეთი-მამათის ტერიტორია და მთის მხრიდან სოფელ ნიგოითში თავად მაჭუტაძეების სასახლეს შეუტია. ასე შემოთვალა ჰასანბეგმა: ”რამდენი კაცის გამოყვანაც შეგიძლიათ იმდენს შეგებრძოლებითო”. ისტორიიდან ცნობილია, რომ რუსეთის იმპერიის ჯარების სარდალი გენერალი ანდრონიკაშვილი იყო და მის განკარგულებაში 12000 მდე სამხედრო იმყოფებოდა. ე.წ. ნიგოითის ომის შუხუთფერდთან ბრძოლაში კი ქართულ მხარეს 2000 რუსი კაზაკების ბატალიონი და 625 გურული მილიციელი იბრძოდა.
გურულებმა თავდგირიძის ჯარი ლანჩხუთისკენ გამოდევნეს და ამჟამინდელი სოფელ შუხუთის ცენტრში ე,წ. ”ცაცხვებთან” მოხდა ამ ბრძოლის მთავარი შეტაკება, რომელიც ისტორიაში ”შუხუთფერდთან” ბრძოლით არის ცნობილი. გადმოცემის მიხედვით ამ ცაცხვების ქვეშ თავდგირიძის იმ ბრძოლაში დაღუპული მეომრები მარხია. ისტორია ასე აღწერს ამ ბრძოლას. გურულებმა სულ ხელის კვრითა და ლელოს გატანით გადაყარეს თავდგირიძის ჯარები სუფსის გადაღმაო. ამ ბრძოლაში დაიღუპა ჰასანბეგ თავდგირიძე. ”აზნაური ერასტი ჭყონია მიუვარდა ცხენდაცხენ ჰასანბეგს და ხმლის ერთი დაკვრით თავი გააგდებინა. ისე დაჰკრა, რომ თავი ცხენის ერთ მხარეს გადავარდა, ხოლო ტანი მეორე მხარეს”. როგორც ცნობილია, იმ ბრძოლაში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა თავდგირიძის არმიიდან, ხოლო გამარჯვებულმა მხარემ სულ ექვსასამდე ადამიანი დაკარგა , რომლის უმრავლესობა რუსული ბატალიონის ჯარისკაცები იყვნენ. გადმოცემის მიხედვით დაღუპული ჰასანბეგ თავდგირიძე მისმა ალალმა ბიძაშვილმა და მის წინააღმდეგ მებრძოლმა, გურულების აკეთის რაზმის მეთაურმა ყარამან თავდგირიძემ და გურულმა მხედრებმა და ასევე თავდგირიძის დამარცხებულმა ჯარისკაცებმა, წარმოშობით გურიიდან და რწმენით გამუსულმანებულებმა დაასაფლავეს დიდი პატივით, ხოლო ხალხმა ჯერ ლექსი უძღვნა ამ ისტორიას, ხოლო შემდეგ კი ქართული ფოლკლორის უბრწყინვალესი ნიმუში შეიქმნა ”ჰასანბეგურას” სახით, რომელიც გადმოცემით პირველად ოზურგეთის რაიონის სოფელ ქაქუთის მაცხოვრებელმა გურულებმა იმღერეს.
სულ ჰასანბეგურას 19 ვარიანტი არსებობს. ერთერთის ტექსტი ასეთია:
”ჰასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან ერთი,
თათრის ფაშობა იშონა სულ მთლად დეივიწყა ღმერთი,
შეკვეთილში შემევიდა, იძახოდა ოლან გეთი.
გზას ვიყავით მილიცია, რუსის ჯარი მეტად ცოტა,
ცხრა ათასი თათრის ჯარი წინ შემოგვხვდა, გვებოროტა.
ლანჩხუთში რომ შემევიდა, ბრძოლა მოხდა შუხუთფერდთან
გეიქცენ და ჩეირიენ, მფრინავები ეიშალა,
ცხრა ათასი თათრის ჯარში ხუთასმა ძლივს გაამშრალა.
ჩემი ძმაი ჰასან ფაშა თავმოჭრილი დევინახე,
ვაიმეო დევიძახე, მარა ძმაი იყო ჩემი,
ბოლოს მაინც მე დავმარხე”.
ლექსიდან პირდაპირ ჩანს, რომ იგი ჰასანბეგის ალალი ბიძაშვილის, ყარამან თავდგირიძის პირით არის ნათქვამი.
ახლა კი ლელოს თამაში აღვწეროთ. ”ლელო” უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშნავს. შუხუთის ლელოს წესები ასეთია. ბურთი იწონის ერთ ფუთს(16 კგ-ს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია ( ჰარალეს, დიონისეს და ბახუსის მსგავსი) , რომელიც დღეს მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის და კიდევ რაღაც ინგრედიენტების (უცნობია შემადგენლობა) ნაზავია. ამას მოთამაშეებსაც ასმევდნენ ერთ ყლუპს. ეს ნაზავი ადამიანს ძალას და გამბედაობას ჰმატებს. ძველად გურულები ომში ამ სითხეს ატარებდნენ და ბრძოლის წინ აუცილებლად სვამდნენ.
სოფლის ცენტრში მოხაზული ადგილიდან, სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც შუხუთფერდის გადამწყვეტი შეტაკება დაიწყო, 200 მეტრის აქეთ-იქით ორივე მხარეს, ორი პატარა ღელე ჩამოდის. ერთ მხარეს საჭინკიეს ღელე, მეორე მხარეს უკან ღელე, იგივე შავი ღელე. შეადარეთ: თავდგირიძის მიზანი გურული მხედრობის რიონს გადაღმა გადაყრა იყო. გურულების კი თავდგირიძის სუფსის გადაღმა გაგდება. ფუთიანი ლელოს ბურთი თავისთავად ბრძოლის სიმძიმის აღმნიშვნელია. ამავდროულად ბურთაობა როგორც სახალხო თამაშობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველი და გავრცელებული თამაშია. როგორც საბრძოლო მომზადების ელემენტი. აფრიკელი მასაის ტომებიდან დაწყებული მექსიკელი ინდიელი აცტეკებით დამთავრებული. ბურთი მზის სიმბოლოა საერთოდ წარმართულ ისტორიაში და შუხუთშიც, როგორც საქართველოს ბევრ ადგილას ბურთს თამაშობდნენ. ამიტომაც შუხუთის ლელოს ეს პრინციპი უცბად და არსაიდან არ მოსულა. მას თავისი საფუძველი ჰქონდა. დღევანდელ შუხუთის ლელოში კი გარდა მზის სიმბოლოსი, იგი სხვა დანიშნულებისაც არის. გადმოცემით ცნობილია, რომ როცა ერასტი ჭყონიამ თავი მოსჭრა ჰასანბეგს, თმებით დაითრია, ზევით ასწია და მოწინააღმდეგეს დაანახა, თქვენი სარდალი მკვდარიაო. ამით მტრის ფსიქოლოგიური გატეხვა უნდოდა. თუმცა მოწინააღმდეგე იმდენად აფასებდა საკუთარ სარდალს, რომ ბრძოლა გაიმართა არა გამარჯვება დამარცხებისთვის, არამედ სარდლის თავის მოსაპოვებლად. თუ ადამიანის ტანს განვიხილავთ. თავი მთელი სხეულის ერთ მეხუთედ ნაწილს იწონის. საშუალოდ ადამიანი 80 კილოს იწონის და შესაბამისად თავი 16 კგ ანუ ერთი ფუთი გამოდის. შუხუთის ლელობურთის საკრალური განსახიერება გარდა მზის სიმბოლოსი, თავდგირიძის მოჭრილი თავიცაა, რომლისთვისაც ორივე მხარე იბრძვის. აქ მნიშვნელობა არ აქვს რომელ მხარეს რამდენი მოთამაშეა. უბრალოდ ვინც მეტ ძალას აგროვებს ის იმარჯვებს. შეადარე თავდგირიძის შემონათვალს ”რამდენი კაცის გამოყვანაც შეგიძლიათო.”
ლელოს მხოლოდ ერთადერთი რაინდული წესი აქვს. თუ ვინმე წაიქცა თამაშის დროს, თამაში ჩერდება. ”წაქცეულს არ ურტყამენ”. თამაში ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც ისტორიაში ბრძოლაა აღწერილი. ”ხელის კვრითა და ლელოს გატანით”. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად. შეადარეთ: ბრძოლის მიზანი იყო მოწინააღმდეგის მდინარის მეორე მხარეს გადაგდება. თამაშის ფინალი ანუ გამარჯვების საზღაური მუდამ ერთია. ორივე მხარე თავისთვის ჩაუთქვამს რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას, სულთათანას თქმას და შესანდობარის დალევას. დათმობა არ მოდის. გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულებთან ერთად მიდიან საფლავზე და იქ შესანდობარი ისმება არამარტო იმ მიცვალებულის, სადაც ბურთი მიდის. სხვა დასასრული ამ თამაშს არასდროს ჰქონია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საფლავიდან ბურთი დაკარგულიყოს. შეადარეთ: ”შუხუთფერდთან” ბრძოლაში ერთმანეთს სისხლით და ტომით ერთნი, მაგრამ სხვადასხვა სარწმუნოების ქართველები ებრძოდნენ. გამარჯვებულმა დამარცხებული, საკუთარი მიცვალებულის მსგავსად დაიტირა და დიდის პატივით მიაბარა მიწას. შუხუთის ლელოს იდენტურობა თითქმის ორი საუკუნის უკან ”შუხუთფერდის” ბრძოლასთან ცალსახად აშკარაა. სწორედ ამ ბრძოლის აღმნიშვნელი რიტუალია ლელოს თამაში აღდგომის დღეს სოფელ შუხუთში. ისეთივე, რიტუალი, როგორიც ხორუმია ცეკვა, უძველესი ბრძოლის წინა როკვის რიტუალი. და როგორც ხორუმი იმეორებს თავის თავში ბრძოლის ელემენტებს, ისე ლელო თითქმის ორი საუკუნეა იმეორებს მის წიაღში გამართული საკვირველი ბრძოლის რიტუალს.
სოფელ შუხუთის მკვიდრი მისი ისტორიის მკვლევარი
თამაზ იმნაიშვილი




